2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. მიყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე, სულ მაღლა, აღმოაჩინეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მონრეალის მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ფოტოპირია, რომელიც მისი მცველის, იოსებ მუნიოს კორტესის სასტიკი რიტუალური მკვლელობის შემდეგ უკვალოდ გაქრა. ისიც სწორედ ასე, თავის მცველთან ერთად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და განსაცდელში მყოფთ ნუგეშად ევლინებოდა. ხატმა უამრავი სასწაული აღასრულა: ბრმებს თვალისჩინი დაუბრუნა, მრავალი სნეული განკურნა, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულნიც. . . ნექტარიოსმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა მირონდენა. ნექტარიოსმა და მისმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც შიში და კრძალვა მორეოდათ, გადაწყვიტეს, ეს ხატი ეკლესიისათვის მიენდოთ და იგი სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვეს. მაგრამ 6 თვის შემდეგ მისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს: წმინდა სინოდის განჩინებით, ხატი მათთან უნდა დაბრუნებულიყო, ნექტარიოსი მისი მცველი უნდა გამხდარიყო და ხატს მთელი მსოფლიო უნდა მოევლო.
ასეც მოხდა: ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა...და 6 მაისს, საქართველოშიც ინება ჩამობრძანება. დიახ, ინება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვითონ წყვეტს, სად უნდა წავიდეს. ამიტომაც ზუსტი განრიგის შედგენა ჭირს. უკვე ბრძანდებოდა ქაშუეთში, სვეტიცხოველში, ალავერდში, ბოდბეში... ხატმა ასევე მოიარა საქართველოს ეპარქიები.
ხობის მონასტერში ლოცვა გაძლიერდა, რათა დედას ღვთისას ენებებინა ტაძარში მობრძანება და 18 მაისს ჰავაისად წოდებული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატმა ისურვა ტაძარში დაბრძანება და ამით მორწმუნე მრევლი დიდ მადლს აზიარა. რამოდენიმე საათში კეთილსურნელებით აღსავსე მირონმდინარე ხატი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში გადააბრძანეს.
ხატი საქართველოში 23 მაისამდე დარჩება და კვლავ ჰავაის კუნძულებს დაუბრუნდება.