ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 7 დეკემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის მერიის, შსს ხობის რაიონული სამმართველოს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
2020 წელს, საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა საზოგადოების როლი და ჩართულობა ძალადობის აღმოფხვრაში.
კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ სამინისტროები და საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
კამპანიის მიზანია, ერთი მხრივ, წარმოაჩინოს, რომ პანდემიისა და მისით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება, მეორე მხრივ, კი თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვას ხაზი და მოუწოდოს ქმედებისკენ.
ხშირად, საუბარიც კი აძლიერებს მსხვერპლს დააღწიოს თავი ძალადობას და მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. მხარდაჭერა და ცოდნა იმისა, რომ მეგობრის, მეზობლის, ნათესავის თუ ნაცნობის იმედი შეიძლება ქონდეს მსხვერპლისთვის შესაძლოა გახდეს ის ძალა, რაც მას ძალადობისგან თავის დასაღწევად პირველი ნაბიჯების გადასადგმელად სჭირდება.
სახელმწიფო კი თავისმხრივ აგრძელებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას. პანდემით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება.
პოლიცია აგრძელებს ეფექტიან რეაგირებას ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, განგრძობად რეჟიმში მისაწვდომია ყველა ის სერვისი, რასაც სახელმწიფო უფასოდ სთავაზობს ძალადობის მსხვერპლებს. მათ შორის უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006.