საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ქალების საერთო მომავლისათვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (ხელმძღვანელი როსტომ გამისონია) ერთობლივად ახორცილებენ პროექტს „შავი ზღვის დაბინძურების შემცირება, ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემების გამოყენება“.
ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხობის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში, შუა ხორგასა და ჭალადიდში, სანიტარული სისტემის გაუმჯობესებისთვის, სოფელში არსებული მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გამოყენების პრინციპების შემუშავება.
პროექტი ითვალისწინებს 4 ეკო ტუალეტისა და ოჯახებისათვის საკომპოსტე ორმოების მოწყობას.
აღნიშნული პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა საბავშვო ბაღებში სანიტარული მდგომარეობების გაუმჯობესება. საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობების გაუმჯობესება და ხელშეწყობა, როგორც სახელმწიფო ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც ერთერთი პრიორიტეტია.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში შუა ხორგის საბავშვო ბაღში დაიდგა მზის სისტემის წყლის გამაცხელებელი, რითაც მოგვარდა ბაღის დიდი ხნის პრობლემა, რომელიც შუა ხორგის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ ჯობავას საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო. ამჟამად ბაღი უზრუნველყოფილია როგორც ცივი ასევე ცხელი წყლის მოხმარების შესაძლებლობით.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით მუნიციპალიტეტის დანარჩენ ადმინისტრაციული ერთეულების ბაგა-ბაღებში ეტაპობრივად გაგრძელდება მსგავსი ხასიათის სარეაბილიტაციო სამუშაოები.