17 სექტემბერს დასრულდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის - ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში. სადაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში თავი მოიყარა 260-მდე მოჭადრაკემ მსოფლიოს ათამდე ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ ხობელი მოჭადრაკეებიც.
მიმდინარე წელს კიდევ ერთი წარმატება მიითვალა აქტივში ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინიამ.
8 წლამდე ჭაბუკთა ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილე უძლიერესი შემადგენლობა ასპარეზობდა.
რეიტინგიანი ირანელი და სომეხი მოჭადრაკის მონაწილეობა დაძაბულობას მატებდა ტურნირის მიმდინარეობას ამ ასაკობრივ კატეგორიაში.
საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:
1. დანიშვარ ბარდია(ირანი) 9 ქულა.
2.თეიმურაზ კვიკვინია (საქართველო, ხობი) 6,5 ქულა.
3.ალექსანდრე ყორღანაშვილი (საქართველო, თბილისი) 6 ქულა.
ტურნირის გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
თეიმურაზ კვიკვინია 18 ოქტომბრიდან პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე, რომელსაც ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს. თეიმურაზთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ხობელები - დიანა ლომაია და ანა კვიკვინია.