2014 წლის 30 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თამჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პირველ საკითხად ცნობად იქნა მიღებული „ფრაქცია „ხობი“-ს რეგისტრაციის შესახებ“ განკარგულების პროექტი (მომხს. ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე). სხდომაზე მეორე საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დ. ჭოჭუამ. ბიუჯეტის ცვლილების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა შესყიდვების გეგმაშიც. შემდეგ საკითხად განხილული იქნა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტები, რომლებიც წარმოადგინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზ. ბუკიამ. დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საკითხების განხილვისას მოსმენილ იქნა ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გ. სიჭინავას ინფორმაცია მოსახლეობისგან გამოთქმული პრეტენზიების შესახებ, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სავაჭრო და კვების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიას, ხშირ შემთხვევაში კი ამ კუთხით გაუსაძლისი პირობების არსებობას. ზემოთხსენებული ინფორმაციიდან გამომდინარე საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია მიემართოს გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მშენებლობის ნებართვით და ნებართვის გარეშე აშენებული და ფუნქციონირებადი სავაჭრო და კვების ობიექტებზე ინფორმაციის საკრებულოსთვის მიწოდების თაობაზე და ამ პრობლემის კონტროლზე აყვანა, რათა ხელი არ შეეშალოს კანონის ფარგლებში ფუნქციონირებად კერძო ბიზნესს. ამასთან ეთხოვოს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ხობის სამსახურს, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და შპს „ხობი დასუფთავება და განათება“-ს კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის განხორციელება ზემოთაღნიშნულ ფაქტებზე. დასასრულს მოსმენილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორის როსტომ გამისონიას ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სხვადასხვა პროექტების შესახებ, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას წყლის, ეკოლოგიური სანიტარიის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მნიშვნელობაზე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. რ. გამისონიას მხრიდან, მეტი თვალსაჩინოებისთვის, გაიმართა ვიდეო პრეზენტაცია ხობის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების კერძოდ: წყალი და ეკო-სანიტარია, უსაფრთხო წყალი, ეკო-სანიტარია და ეკო-მშრალი ტუალეტები საბავშვო ბაღებისათვის, ხილისა და ბოსტნეულის მზის საშრობები, ენერგო-ეფექტური ღუმელები და სხვა. მომხსენებელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საკრებულოსა და ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის ერთობლივ თანამშრომლობას ახალ-ახალი პროგრამების შესამუშავებლად, რომლის განხორციელებითაც ხობის მუნიციპალიტეტს ექმნება პერსპექტივა გახდეს სანიმუშო მთელს რეგიონში. საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ თავის მხრიდან დაინტერესება გამოხატა წარმოდგენილ პროექტებთან მიმართებაში და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სრული მზადყოფნა გამოთქვა მათი განხორციელების პროცესში თანამონაწილეობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დასრულების შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.