საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ მიერ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სასკოლო მზაობის ცენტრები საქართველოში“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტსა და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზე 5 ოქტომბერს ხობის №1 საბავშვო ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის ჯგუფი (ერთი ჯგუფი 20 აღსაზრდელზე) გაიხსნა. სასკოლო მზაობის ჯგუფი განკუთვნილია 2009 წელს დაბადებული ბავშვებისათვის, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2015 წლის 1 დეკემბრამდე. „კივიტას გეორგიკას“ მიერ ჯგუფი უზრუნველყოფილ იქნა სათანადო ავეჯითა და სასწავლო მასალებით, ამასთან ერთად ჯგუფისთვის გამოყოფილ ოთახს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.
ჯგუფის გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.