9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მუზეუმში ანსამბლ „კოლხეთის“ და ხობის სამუსიკო სკოლის მომღერალთა გუნდის მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კაპიტონ ცხადაიას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100 ლარი ჩაერიცხა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით.