ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ბენეფიციარს მოტობლოკები უსასყიდლოდ გადაეცა.
პროექტის ბენეფიციარებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი გიორგი ქვარაია და ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ.
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის წარმატებით უზრუნველსაყოფად, ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომლებიც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროცესში წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში, რაც დაკავშირებულია, როგორც ჯანმრთელობასთან და სამშობლოში იძულებით დაბრუნებისგან გამოწვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, ისე დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობებთან თუ შემოსავლის წყაროს არარსებობასთან.
2017-2018 წლებში, აღნიშნული პროგრამით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 10 მოქალაქემ ისარგებლა.