15 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი დონაძეს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თანადაფინანსების საფუძველზე ხობში სალოტბარო სკოლის გახსნის თაობაზე. აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას მიეძღვნა საზეიმო ღონისძიება, რომელიც გაიმართა ხობის კულტურის სახლში. ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სალოტბარო სკოლის გახსნა მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელმა ეთერ თათარაიძემ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობამ დიდი მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას სალოტბარო სკოლის შექმნაში გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რამაც განაპირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ეროვნული ცენტრის მიერ ქვეყნის მაშტაბით პირველი სალოტბარო სკოლის გახსნა ხობის მუნიციპალიტეტში. სალოტბარო სკოლა მიზნად ისახავს 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, შენახვას, პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას. სალოტბარო სკოლაში ფოლკლორის ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, ახალგაზრდობა უფასოდ შეისწავლის უძველეს მეგრულ სიმღერებს და ქართულ ტრადიციულ გალობას. აქტიურად მოხდება ახალგაზრდობის ჩაბმა ცენტის მიერ მოწყობილ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. განხორციელდება გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდების რეალური ხელშეწყობა. სკოლის წარჩინებული მოსწავლეები სურვილის შემთხვევაში ჩააბარებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში და მიიღებენ უმაღლეს განათლებას უფასოდ. გარდა ამისა ცენტრი მოახდენს ადგილობრივი სპეციალისტების ხელშეწყობასა და მათ გადამზადებას.