ქალაქ ხობში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, პირველ მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გახსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და ინვენტარით აღჭურვილი გადაუდებელი დახმარების ცენტრი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხით აშენდა და მის მშენებლობაზე 270 000 ლარი დაიხარჯა.