საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განახორციელა. დასრულებული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად შეკეთდა სახიდე გადასასვლელები და დაიგო ასფალტის ერთფენიანი საფარი. განხორციელდა მიერთებების, კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია. ასევე, განთავსდა ახალი საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. სამუშაოზე 80 მუშახელი იყო დასაქმებული.