12 აგვისტოს ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი),ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვას ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
წმიდა ცოტნე დადიანი - „კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან ბრძოლებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შერკინებოდნენ მტერს.
კოხტასთავს დათქვეს შეკრების ადგილი და ცოტნე და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გაემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვევეს და ანისის ქვეყანაში, შირავაკანში წაასხეს.
მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ. შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ.
როცა დათქმულ დროს ცოტნე დადიანი გამოცხადდა თავისი ლაშქრით კოხტასთავს და შეიტყო მომხდარი, დაითხოვა ლაშქარი და ორი კაცის თანხლებით გაეშურა იქით, სადაც სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეები ეგულებოდა - თვითონვე შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ. მონღოლთა კითხვაზე, თუ რას ნიშნავდა მისი საქციელი, ცოტნემ უპასუხა, რომ ქართველ დიდებულთა შეკრების მიზეზი მხოლოდ ხარკის გადახდის შესახებ ბჭობა იყო, ხოლო თუ ისინი ამის გულისთვის სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ, მასაც ეკუთვნოდა ეს სიკვდილი: „უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო“, - დასძინა ცოტნემ.
ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების გათავისუფლება გადაწყვიტეს.
წმიდა სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ცოტნე დადიანი წმინდანად იქნა შერაცხული. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.