ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოაწყო.
მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას.
გარეულ ფრინველთა მეურნეობა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმდომარის მოადგილე გოჩა სიჭინავამ, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა დათო ღადუამ სააგენტოს წარმომადგენელთან გოგი ქირიასთან ერთად დაათვალიერეს.
ფერმაში კოლხური ხოხბები და ხონთქრის ქათმები ჰყავთ. სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე 1000 ფრთამდე ხოხბის ნამრავლს გამოზრდიან.
მეურნეობაში საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად წელს 10 ჰექტარზე დაითესა სიმინდის მარცვალი. სამომავლოდ იგეგმება მზესუმზირის დათესვა და მცენარეთა ენდემური ჯიშების სანერგეების მოწყობა.
კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება. მეურნეობის საქმიანობის ძირითად მიზანს კოლხური ხოხბის გამრავლება და ბუნებაში გაშვება წარმოადგენს.