9 თებერვალს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურთხევით ხობის მონასტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია ხობის მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ, რაზეც მოხსენება გააკეთა არქეოლოგმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ პაპუაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის მინტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ხობის მონასტრის წინამძღოლი დეკანოზი მამა ილია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მომხსენებელმა რ. პაპუაშვილმა ფოტოსლაიდების სახით წარმოადგინა ხობის მონასტრის ტერიტორიაზე 2008 წლიდან დღემდე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მასალები და ისაუბრა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე გათხრებისას აღმოჩენილ იქნა ძვ. წ. აღ-ის VIII–VII საუკუნებით დათარიღებული ძველი კოლხური ნამოსახლარები, ადრექრისტიანული ხანის ნაეკლესიარები, ტაძრის შიგნით გამოვლინდა ძველ დადიანთა (ცოტნე დადიანის (VIIIს.) საოჯახო საძვალე. მისი განმარტებით, თვით ტაძარი მდგარა გაცილებით უფრო დიდ ნატაძრალზე, რომელიც ძვ. წ. აღ-ის X-XI საუკუნით თარიღდება, ტაძრის დასავლეთით არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ძვ. წ. აღ-ის VIII-IX ს. ნაგებობათა ნაშთები, რომლის ქვეშ სხვა ნაგებობის ნაშთებიც აღმოჩნდა. ასევე მოხსენებით გამოვიდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია, რომელმაც კულტურული სიწმინდის სიძველეების დაცვაზე ისაუბრა. დასასრულს მეუფე გრიგოლმა დალოცა და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას გაწეული თანადგომისათვის, ხოლო არქეოლოგ რ. პაპუაშვილს და გ. ჩიტაიას გაწეული არქეოლოგიური საქმიანობისათვის.