საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის დამტკიცებამდე დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.
8 თებერვალს, ხობში, საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი - გოჩა ქაჯაია. შეხვედრას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.