26 მაისს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ.
ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, კულტურის სახლის დიდ დარბაზში გაიმართა მონო-სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი’’, მხატვრული კითხვის ოსტატის მურმან ჯინორიას მონაწილეობით.
სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან წელიწადის დროთაგან შედგებოდა და ყველა მათგანში შესული იყო ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი სეზონი ასოცირდებოდა სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან. გაზაფხული – ტერენტი გრანელთან, ზაფხული – გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა მისთვის ჩვეული სიჭრელით აერთიანებდა ტატო ბარათაშვილს, ილია ჭავჭავაძეს, ტიციან ტაბიძეს, ლადო ასათიანს, მუხრან მაჭავარიანს, მურმან ლებანიძეს, შოთა ნიშნიანიძეს, მორის ფოცხიშვილსა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას. ზამთარი კი მსახიობისთვის სპექტაკლში გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდებოდა.
მ. ჯინორიას მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით ხობელი მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა და ცნობილი მსახიობი მაყურებელმა დიდი სიყვარულითა და ოვაციებით გააცილა დარბაზიდან.