29 ოქტომბერს, ხობის კულტურის სასახლეში გაიმართა სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ იდეის ავტორისა და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან, წარმატებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებთან და აქტიურ მშობლებთან.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ლია გიგაური, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეები.
პროექტი „ეტალონი“ ეფუძნება მსოფლიოში უკვე საკმაოდ განვითარებულ მეცნიერების დარგს - მედიაპედაგოგიკას და შეხვედრის მიზანი იყო სოციალურ-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მოტივირება, თამაშ-თამაშით ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიღების ინტერესის გაღვივება და პედაგოგების წახალისება.
შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს გ. ქაჯაიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ე. ჯობავას და მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორს გ. ტყეშელაშვილს.