საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2016 წლის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის განსახორციელებლად 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობაზე დაყრდნობით ახორციელებს.
პროგრამის მიხედვით, 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის 4 000 ლარია გათვალისწინებული, 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 5 000 ლარი, 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 8 000 ლარი, 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისათვის კი – 12 000 ლარი.
ხობის მუნიციპალიტეტისთვის წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 848 311 ათასი ლარი გამოიყო. საერთო ინტერესების გათვალისწინებით, პროგრამა რამდენიმე დასახლებისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანებასაც ითვალისწინებს. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. კვირის განმავლობაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია ოცდაერთივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პირობები გააცნეს და მათი პრობლემები მოისმინეს.
ამის პარალელურად საკრებულოში საკრებულოს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს გამგეობის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენაც. საბოლოო შემაჯამებელ ანგარიშს საკრებულოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია წარუდგენს.