10 აგვისტოს, კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში სტარტი აიღო, გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ნარდში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 64 მონარდე მონაწილეობს. ასევე საჭადრაკო კლუბ „ლაზიერში“ დაიწყო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში. საჭადრაკო ღონისძიება, რომელშიც 10 მოყვარული მოჭადრაკე მონაწილეობს, შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად გაიმართება.
სპორტული ღონისძიებების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრები ნარდსა და ჭადრაკში, 12 აგვისტოს, „ცოტნეობის“ დღესასწაულზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიებები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.