ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სსიპ კოლეჯი "ფაზისის" ტერიტორიაზე, გზის საფარი მოეწყო. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა და ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა გოჩა სიჭინავამ დაათვალიერეს. აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგო ასფალტო ბეტონის გზის საფარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 64 855 ლარი შეადგინა. სამუშაოები შპს " შარა გზამშენი პირველმა" განახორციელა.