28 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდანი ქალაქ ხობში ჩამოიტანეს. ქალაქის შემოსასვლელთან ოლიმპიურ ჩირაღდანს წარმატებული ხობელი სპორტსმენები, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დახვდნენ. საზეიმო სვლა აღმაშენებლის ქუჩიდან კოსტავასა და დადიანის ქუჩის გავლით კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. სადაც გაიმართა ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლის საზეიმო ცერემონიალი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ. მათ ხობელებს ისტორიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ქართველ სპორტსმენებს მომავალ ოლიმპიადაზე.
ხობის შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს სენაკის მუნიციპალიტეტში ჩაიტანენ, 6 ივლისამდე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოივლის. ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 28 მაისს ჩამოიტანეს და მას შემდეგ რეგიონებში მოგზაურობს.
ხოლო 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.