2 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“-ს წევრები, პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ჭულუხაძე, პროექტის მენეჯერი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე და პროექტის რეგიონალური კოორდინატორი ელენე დარასელია ხობის მუნიციპალიტეტის 80-მდე ახალგაზრდას შეხვდნენ, მათ გააცნეს პროექტი და ჩაატარეს ტესტირება, რომლის შედეგად შეირჩევა 36 ახალგაზრდული საკრებულოს წევრი, ჩამოყალიბდება თემატური ჯგუფები და აირჩევა თავმჯდომარე.
საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება“ 6000-ზე მეტ მოსწავლესთან გეგმავს შეხვედრას, პროექტის გაცნობას და ტესტირების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში მხოლოდ 2105 მოსწავლე შეირჩევა, რომლის მთავარი მიზანია მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის საგანმანათლებრო რესურცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის თანამშრომლები. საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ სიტყვით მიმართა პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს, უსურვა წარმატებები და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოთქვა პროექტის განხორციელებაში და თანამშრომლობის, თანადგომისა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნის პირობები აღუთქვა მათ.