17 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) მიერ, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფაზა II-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. „ტყეების მართვის სისტემის დეცენტრალიზაციის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში არსებული შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას ბუნებრივი რესურსების მართვაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროექტი საქართველოს სამ რეგიონში ხორციელდება (სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი და თბილისი) თუმცა პროექტის განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც შექმნილია ღია გარემოსდაცვითი საკოორდინაციო ჯგუფები. სამიზნე რეგიონების შერჩევა მოხდა, როგორც გეოგრაფიული და ეკოსისტემური კრიტერიუმების, ასევე ადგილობრივი ტრადიციების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ასევე ეხმარება საქართველოს მთავრობის ადგილობრივ თემებთან, თვითმმართველობებთან კომუნიკაციასა და პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში სატყეო რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.
პროექტის ფარგლებში CENN-ის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურის გაძლიერებაზე, დამსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.