23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ დასავლეთის რეგიონის კოორდინატორების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის ფერმერულ ჯგუფებთან და კოოპერატივებთან.
პროექტის მიზანია ფერმერული მეურნეობის წარმოების ეფექტურობის ამაღლება და მათი შემოსავლების გაზრდა ბიზნესზე ორიენტირებული მდგრადი ფერმერული ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, წახალისებისა და მხარდაჭერის გზით.
ქეა საერთაშორისო (CARE) ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში აცხადებს საგრანტო კონკურს ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საუკეთესო ბიზნეს იდეის გამოვლენის მიზნით. საგრანტო კონკურსის შესახებ ფერმერებმა და კოოპერატივებმა მიიღეს დეტალური ინფორმაციები და რეკომენდაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.