25 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ წარმოება-დაწესებულებებს შორის სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი ფეხბურთში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნას ეძღვნება.
შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობს: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, პოლიციის სამმართველოს, საფეხბურთო კლუბ კოლხეთის, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის, საფეხბურთო სკოლის, GPR-ის, ბანკი კონსტანტასა და კრისტალის გუნდები.
ტურნირი ჯგუფური სისტემით ტარდება, თითო ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი ნახევარფინალში გადის, გამარჯვებული გუნდები კი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.
ფინალური შეხვედრა 1 ოქტომბერს ახალი ხიბულის თემში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდი მისი სახელობის თასს დაეუფლება.
ჩემპიონატი ხორციელდება ხობის მუნიციპალიტეის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა, დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით. გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა დაესწრნენ.