7 სექტემბერს ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო საერთაშორისო პროექტმა სახელწოდებით "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა". პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 200-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას, ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული თამაში გაიმართება. "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა" საქართველოში 2003 წლიდან UEFA-ს ეგიდით ხორციელდება და დიდი და პატარა ქალაქების 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს აერთიანებს. აღნიშნულ პროგრამაში კონფლიქტის ზონიდან დევნილი, შშმ და ძნელად აღსაზრდელი ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას. პროექტის "სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების პროგრამა"-ის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებისათვის საორგანიზაციო ხარჯები ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო თამაშის საჭირო ინვენტარით ამარაგებს და უზრუნველყოფს პროგრამის (დანიის) ადმინისტრაცია. სპორტული თამაშების გახსნას დაესწრნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, სამეგრელოს რეგიონის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.