18 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მერის მოთხოვნით, საკრებულოს 2024 წლის პირველი რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, განკარგულების პროექტი ,,ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზენავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“
საკრებულოს გადაწყვეტილებით 2023 წლის 31 მაისს, შპს ,,ბლექ სი პეტროლიუმს“ მიეცა თანხმობა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის წარმოდგენის თაობაზე.
პროექტის თანახმად დაგეგმილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საორიენტაციო წარმადობით 3 მლნ ტონა წელიწადში. ასევე გათვალისწინებულია ნედლეულისა და სარეალიზაციო პროდუქციის მიღების, შენახვისა და გადაზიდვის ობიექტების, ენერგომომარაგების ობიექტების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ასევე განთავსდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და ქარხნის სხვა ობიექტები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე დამტკიცდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.