17 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
2016 წლის 22 მაისს ყულევის თემის N66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები, სადაც N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე საკრებულოს წევრად ყულევის მაჟორიტარულ ოლქში არჩეულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა კაკულია, რაზედაც საკრებულოზე პირველ საკითხად მიღებულ იქნა განკარგულება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კობა კაკულიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, პროექტი მიზნად ისახავს №66 ხობის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და საარჩევნო ატრიბუტიკის შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთას, ამასთან წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრა საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების გასამართად ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის განთავსდეს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატები და განცხადებები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.