22 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის მუხლი „საოპერაციო თანხების ნაწილობრივი დაფინანსება“ გაიზარდა 65 000 ათასი ლარით და განისაზღვრა 115000 ლარით, რაც გამგეობის განმარტებით განპირობებულია, ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეების მხრიდან საოპერაციო, ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის ხარჯების დაფინანსების მოთხოვნით. აღნიშნულ პროგრამაში ასევე გაიზარდა მუხლი „C“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევების დაფინანსება“ და განისაზღვრება 39050 ლარით. შემოსული განცხადებებიდან გამომდინარე სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებზე წყლის ხარჯის ანაზღაურების მუხლში გამოყოფილი თანხაც ასევე არასაკმარისი აღმოჩნდა, გამგეობის განმარტებით და აღნიშნული მუხლი განისაზღვრება 8800 ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ადგილობრივ ბიუჯეტში ხორციელდება შემდეგი სახის ცვლილება: იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები მუხლიდან „საშემოსავლო გადასახადი“ 530.0 ათასი ლარით და მუხლიდან „პროცენტები“ 100.0 ათასი ლარით. მცირდება ბიუჯეტში გადასახდელები 195.0 ათასი ლარით, კერძოდ, პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ასიგნებები. გამონთავისუფლებული და შემოსავლების ზრდით მიღებული, სულ 825.0 ათასი ლარი, მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: 788.0 ათასი ლარი - პრიორიტეტის „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ ასიგნებებზე. ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, ანუ შემოსულობების გეგმა გაიზარდა 630,0 ათასი ლარით და შეადგინა 13521,7 ათასი ლარი.
სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული საკრებულოს ყოფილი ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ სახელწოდების ცვლილების თაობაზე განკარგულება, რომლის თანახმადაც, ფრაქცია დარეგისტრირდა ახალი სახელწოდებით „თავისუფალი მოქალაქეები“.
სხდომაზე გამგეობის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცებას და რომლის საფუძველზეც 2017 წლისთვის დაგეგმილია 58 მოხელის კვალიფიკაციის ამაღლება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.