28 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული განკარგულების პროექტი ფრაქცია „მაჟორიტარების“ შექმნის შესახებ, რომლის თავმჯდომარეც გახდა საკრებულოს წევრი ვასილი კუკავა.
სხდომაზე შემდეგ საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც განხორციელდა გამგებლის ბრძანებების საფუძველზე მუხლიდან მუხლში გადატანილი ცვლილებებისა და პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთის 235.1 ათასი ლარის ბიუჯეტში ასახვა.
სხდომაზე განიხილეს პეტიციის წესით შემოსული საკითხებიც, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მხრიდან დასმული პრობლემების გადაწყვეტას. გამგეობის წინადადების საფუძველზე ამ ეტაპზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: პირველი მაისისა და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება სანაგვე ურნების განთავსება და ნარჩენების გატანა და ხამისქურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საჯარო სკოლიდან ცენტრალურ საავტომობილო გზამდე გზის მონაკვეთის მოწყობასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მომზადდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურმა წარადგინა 2016 წლის მუშაობის შესახებ ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრების მხრიდან შეფასდა დამაკმაყოფილებლად.
2016 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, სადაც გამგებელმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკრებულოს მიერ გამგებლის 2016 წლის ანგარიში ერთხმად შეფასდა დადებითად.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.