26 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა მუნიციპალიტეტისთვის უმთავრესი ფინანსური დოკუმენტი 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლითაც შემოსავლები განისაზღვრა 8256,9 ათასი ლარით, აქედან: გადასახადები 5800,0 ათასი ლარი, გრანტები 2010.0 ათასი ლარი (აქედან: 1800.0 ათასი ლარი - გათანაბრებითი ტრანსფერი, 210,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 446,9 ათასი ლარი. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უმთავრეს პრიორიტეტად მიჩნეულ იქნა სოციალური სფერო, ჯანდაცვის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალი წლისთვის დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 445900 ლარით, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა ის პროგრამა რაც გათვალისწინებული იყო 2017 წელს, ამასთან პროგრამას დაემატა შშმ პირთა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების (კორონაროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია) ერთჯერადად დაფინანსება.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავამ საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა მათ, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2017 წლის საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომა სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ დახურულად გამოცხადდა.