27 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების თაობაზე“, რომლის თანახმადაც სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე საკრებულოს გადაწყვეტილებით ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალურ სტადიონის მიენიჭა გიორგი (გოგი) მამფორიას სახელი. სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც მერს მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქ. N188-ში საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ. დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, როგორც პრივატიზების, ასევე სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი და პროცედურები. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ წარმოდგენილ იქნა დადგენილების პროექტი „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც როგორც საკრებულოსთვის, ასევე მერიისთვის განისაზღვრა იმ საჯარო ინფორმაციათა ნუსხა, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია და აუცილებელია ისინი გახადოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და პროაქტიულად გამოაქვეყნოს საკუთარ ელექტრონულ რესურსზე და ასევე განისაზღვრა დაინტერესებული პირების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტები. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიდგმება სხვადასხვა საგზაო ნიშნები, კერძოდ: ა) შუა ქვალონისა და ქვემო ქვალონის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ ბ) ქვემო ქვალონისა და შუა ქვალონის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი რკინიგზის გადასასვლელთან „მიახლოების ნიშანი“ გ) ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან დამონტაჟდეს საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“. სხდომის დასასრულს საკრებულოს წევრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტმა ბ. ნაჭყებიამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.