25 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის; დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ რომლის მიხედვითაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა, რაც 2020 წელს იყო განსაზღვრული. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში არსებული მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა შეიცვალა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობით. დღევანდელ სხდომაზე ასევე დამტკიცდა საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.