27 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი. მათ შორის, დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის საფუძველზეც მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფების, საზოგადოებრივი ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით შესაძლებელია ახალგაზრდული, სპორტული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების როგორც დაფინანსება, ასევე თანადაფინანსება.
სხდომაზე მომდევნო საკითად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და ექსპლოატაციისთვის უვარგისი მოძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზება.
სხდომაზე ბოლო საკითხად განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით, (იჯარის ფორმით) აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 56564 კვ.მ (ს/კ 45.06.23.253), გაიცემა იჯარით აუქციონის წესით, 15 წლის ვადით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.