30 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
მათ შორის განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2024–2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის პროექტიმომზადდა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“ მხარდაჭერით. წარმოდგენილ განკარგულების პროექტში გაწერილია კანონით გათვალისწინებული ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან გენდერულ ჭრილში, გეგმით დადგენილ პერიოდში.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულება პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ უზუფრუქტის ფორმით, ორი წლის ვადით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სოფლის ამბულატორიების ქსელის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მოწესრიგების მიზნით გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონება.
განკარგულება პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეციალური დანიშნულების, ასენიზაციის ავტომანქანა, არსებობის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებას“.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა საკრებულოში პეტიციის წესით შემოსული საკრებულოს წევრის მალხაზი იოსავას განცხადება. განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობა წყალმომარაგების უქონლობის გამო გაუსაძლის მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, ფაქტიურად ჭები შრება და მოსახლეობას პრობლემა აქვს, როგორც სასმელი, ასევე საყოფაცხოვრებო წყლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. პეტიცია საკრებულოს გადაწყვეტილებით გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერიას არსებული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.