31 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენას ტერიტორიაზე არსებული N8 ქუჩისთვის გოგიტა ქარჩავას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენას მოსახლეობის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის დროს, გმირულად დაღუპული გოგიტა ქარჩავას სახელის მინიჭება.
„ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით), აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტით, მერს მიეცა თანხმობა ქალაქ ხობში სპორტის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „გარაჟების“ ტერიტორიაზე 33 კვ.მ ფართის იჯარის ფორმით, აუქციონის წესით, ორი წლის ვადით გადაცემაზე.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საპრივატიზებოდ დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული სატრანსპორტო საშუალებები და ობიექტების რეაბილიტაციის შედეგად მიღებული მეორადი შერეული მეტალის მასალები ჯართის სახით.