28 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტები „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ და „შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების“ ლიკვიდაციისთვის ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის თანახმადაც შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“ ვერ უზრუნველყოფს სამეწარმეო საქმიანობის ეფექტიან განხორციელებას. მისი ფუნქციური დატვირთვა და საქმიანობის სპეციფიკა ძირითადად მიმართულია მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების - წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე, რაც არსებითად წარმოადგენს სოციალური და საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელოვან სფეროს და შპს-ის საქმიანობა ძირითადად სუბსიდირებულია მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
მერიის განმარტებით, არსებული ტარიფები და ხარჯები შპს-ს მოგების მიღების შესაძლებლობას არ აძლევს, რის გამოც შპს-ის ფორმით ფუნქციონირება არაეფექტიანად იქნა მიჩნეული.
შესაბამისად, დაგეგმილია ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნება, რომელიც იგივე ფუნქციებს შეასრულებს, რის შემდეგაც შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების“ ლიკვიდაცია განხორციელდება.
სხდომაზე მომდევნო საკითხად განიხილეს განკარგულების პროექტები „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ და „შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ ლიკვიდაციისთვის ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის თანახამდაც ასევე იგეგმება შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ ლიკვიდაცია, იგივე საფუძვლებით, რაც შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების“ მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ შპს-ს საქმიანობა ძირითადად საზოგადოებრივი სერვისების უზრუნველყოფაზეა მიმართული, მერიის გადაწყვეტილებით დაფუძნდება ა(ა)იპ, რომელიც უზრუნველყოფს დასუფთავებას, ნარჩენების მართვას, გამწვანებას, გარე განათების მოვლა-პატრონობას, მცირე ინფრასტრუქტურულ და სხვა მუნიციპალურ მომსახურებებს.