19 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც დარეგულირდება ხობის მუნიციპალიტეტში ცხოველთა მოვლისა და დაცვის წესები. პროექტი ითვალისწინებს შინაური ცხოველების სავალდებულო იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას, მეპატრონეთა პასუხისმგებლობების განსაზღვრას და ცხოველთა კეთილდღეობის დამატებით სტანდარტების დადგენას. პროექტი არ ვრცელდება სამწყემსო დანიშნულების ძაღლებზე, ასევე სპეციალური სამსახურებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკუთრებაში არსებულ ძაღლებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და სოციალური აქტივობის გაზრდას. პროგრამა უზრუნველყოფს ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული მომსახურების მიწოდებას, რაც გააუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხსა და თვითრეალიზების შესაძლებლობებს.
განკარგულების პროექტით: „ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენაში არსებული N8 ქუჩისთვის გოგიტა ქარჩავას სახელის მინიჭების შესახებ.“
ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დურღენას მოსახლეობის ერთობლივი განცხადების საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურების დაცვით N8 ქუჩას მიენიჭა 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის დროს, გმირულად დაღუპული გოგიტა ქარჩავას სახელი.