28 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
დღისწესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე პირველ საკითხად მოსმენილ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა საკრებულოს თავმჯდომარემ მ.ქარდავამ.
საკითხმა პოლემიკა გამოიწვია. სხდომაზე მეორე საკითხად მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 9 თვის შესრულების თაობაზე ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს.
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების თაობაზე საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტი წარმოადგინა საკრებულოს თავმჯდომარემ, იგი ერთხმად მოიწონეს დეპუტატებმა.
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის თემში მცხოვრებ ვიტალი ბარამიას, პირველი მაისის თემში მცხოვრებ მეგონა ბუსკანძის და ნოჯიხევის თემში მცხოვრებ ევრიკო კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორია არაკეთილსაიმედო პუნქტად გამოცხადდა ცოფის პრევენციის მიზნით.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დ. გერგაიამ სხდომაზე წარმოადგინა მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების პროგრამის (კონცეფციის) შესახებ განკარგულების პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მიეცა თანხმობა.
სხდომაზე აგრეთვე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ანგარიში.
ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.