28 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე დაისვა საკითხი საკრებულოს წევრის ალექსანდრე ნაჭყებიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მისი მხრიდან საკრებულოს სხდომებზე 6 თვის განმავლობაში დაუსწრებლობის გამო. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ლ. ქავთარაძის წინადადება ა. ნაჭყებიას საკრებულოს სხდომებზე ოჯახური და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაუსწრებლობის საპატიოდ ჩათვლის შესახებ, საკრებულოს წევრების მხრიდან კენჭისყრის დროს ერთხმად იქნა მხარდაჭერილი, რის შესაძლებლობასაც მათ აძლევდა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. სხდომაზე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა 8.243.800 ლარით. სხდომაზე ასევე მოწონებულ იქნა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების შესახებ წინადადებები. სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც 2016 წლისგან განსხვავებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის ღონისძიებებში ასევე გათვალისწინებულია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (სტატუს მინიჭებულთა) ერთჯერადი დახმარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შშმპ-თა ერთჯერადი დახმარება, ამასთან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ყულევისა და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაემატა ექიმების მომსახურება, კვირაში ერთხელ დამტკიცებული გრაფიკს შესაბამისად. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ შეაჯამეს მიმდინარე წელი და ისაუბრეს იმ მიღწევებზე, რაც განხორციელებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ამასთან საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ. 2016 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.