10 აგვისტოს ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ და მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას.
პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს:
სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
პროფესიული სწავლება
სოციალური პროექტების დაფინანსება
ანაზღაურებადი სტაჟირება
იურიდიული დახმარება
მსგავსი შეხვედრები დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - ჯვრის საზოგადოებრივ ცენტრში.
შეხვადრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.