18 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლაშა ხაჭაპურიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს გადასცა სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათები და გააცნო ინფორმაცია პროექტის მოქმედების ინსტრუქციის შესახებ. აღნიშნული პროექტი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება და მისი მიზანია სოფლის მეურნეობის აღორძინება და მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 12070 ბენეფიციარი მიიღებს სახნავ ბარათს, ამ ეტაპზე მიღებულია 10403 სახნავი ბარათი, ხოლო 80 ბენეფიციარზე მიმდინარეობს არსებული ხარვეზების შესწორება. 1 მარტამდე ადმინისტრაციულ ერთეულებში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ შესწორებული ვარიანტი, რათა დროულად მოხდეს დარჩენილი ბარათების მიწოდება.