ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ასოციაცია „ათინათმა“ პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა. პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის: „გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში და ის ორიენტირებულია ხელი შეუწყოს თემებში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ქალთა თანასწორობას, მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო გააქტიურებას.
შეხვედრაზე პროგრამის ფარგლებში ასოციაციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემები და მათი მხრიდან გაკეთდა პრეზენტაცია მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ პრობლემებზე და ურთიერთთანამშრომლობით მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილეები: ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, საკრებულოსა და გამგეობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.