10 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა ხობში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილეს გიორგი გაბუნიას შეხვდნენ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის მიერ ხობის მუნიციპალიტეტში სალოტბარო სკოლის ჩამოყალიბების პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით გადაწყდა, ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში, საქართველოს ფოლკლორის სახლმწიფო ცენტრის წარმომადგენლობების შექმნა. რომელიც მიზნად ისახავს 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენას, შენახვას, პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას.
ამ პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში, იგეგმება ზემოთხსენებული ცენტრის წარმომადგენლობის გახსნა, რომლის ამოცანაც იქნება უძველესი მეგრული სიმღერის შენარჩუნება. შეიქმნება სალოტბარო სკოლა, სადაც ფოლკლორის ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, ახალგაზრდობა უფასოდ შეისწავლის უძველეს მეგრულ სიმღერებს და ქართულ ტრადიციულ გალობას. აქტიურად მოხდება ახალგაზრდობის ჩაბმა ცენტის მიერ მოწყობილ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. განხორციელდება გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდების რეალური ხელშეწყობა. სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული მოსწავლე სურვილის შემთხვევაში ჩააბარებს თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში და მიიღებს უმაღლეს განათლებას უფასოდ. გარდა ამისა ცენტრი მოახდენს ადგილობრივი სპეციალისტების ხელშეწყობასა და მათ გადამზადებას.
ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ხელშეწყობა და დახმარება აღუთქვეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.