11 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელმა კოკა მებონიამ, დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მომხსენებელმა სექსუალური შევიწროების ფორმებზე, არსებულ მითებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებზე ისაუბრა. მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების შესახებ ელექტრონული კურსის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ შეკითხვები და განეხილათ მაგალითები.
შეხვედრის მონაწილეთა ძირითადად ინტერესს წარმოადგენდა საქართველოში სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაციები და დაცვის მექანიზმები; ასევე შეკითხვები შეეხებოდა სექსუალური შევიწროების ფორმების იდენტიფიცირებას და მათ გამოვლენას.
სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ განაგრძობს მუშაობას დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიმართულებით.