27 აპრილს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენელების მონაწილეობით სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა, პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში პეტიციის წესით ინიცირებული საკითხები განიხილეს და პეტიციის წესით ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით პროექტში- ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ერთი წლის განმავლობაში 2 848 მოქალაქე ჩაერთო. 20 მუნიციპალიტეტში 192 შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის განმახორციელებელი კოალიციური გუნდის-დემოკრატიის ინსტიტუტის, ასოციაცია ,,ათინათის,“ საქველმოქმედო ცენტრ ,,თანაზიარის“ და გურიის ,,ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წარმომადგენლები ხვდებოდნენ მოსახლეობას, იკვლევდნენ პრობლემებს და ავლენდნენ აქტიურ მოქალაქეებს. აქტიური მოქალაქეების ინიციატივით ბოლო 1 წლის განმავლობაში აჭარის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინიციატივო ჯგუფმა 90 პეტიცია წარადგინა.