ზუგდიდის ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებაა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყებ ან ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.
პრეზენტაციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები”ს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა სიჭინავა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მერიისა და საკრებულოს წარმომაადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები - საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვული ტექნოლოგიების, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.