ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების, ნახატების, ხეზე კვეთის ნიმუშების და ფერწერული ტილოების გამოფენა, ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, ლელობურთში, მკლავჭიდსა და ნარდში. სახელდახელოდ მოწყობილ ფაცხებში, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები და მონაწილეობა მიეღოთ მათ მომზადებაში.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დღესასწაულზე მობრძანებულთ „ცოტნეობა“ მიულოცეს და ისაუბრეს წმინდა ცოტნე აღმსარებელის განსაკუთრებული ღვაწლისა და ჰუმანიზმის შესახებ.
„ცოტნეობის“ დღესასწაულზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია იმყოფებოდნენ.
დღესასწაული გრანდიოზული კონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე თავიანთი შემოქმედებით დათო არჩვაძე, ანრი ჯოხაძე, სოფო ბედია, „ქართული ხმები“, რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარსდგნენ.