31 მარტს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ამაღლებული ცამდე“. კონფერენციას, ხობის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვასალია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები. სიტყვით გამომსვლელებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, ისაუბრეს მისი მოღვაწეობის განსაკუთრებულ როლზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლაში. კონფერენციის დასასრულს თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკასთან დაარსდა ზვიად გამსახურდიას სახელობის ლიტერატურული კლუბი.