ცოტნეობის სახალხო დღესაწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ტურნირი სპორტის უძველეს სახეობა - ლელობურთში, გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში, რუბენ და იური ბახიას სახელობის პირველობა ჭადრაკში, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში და მკლავჭიდში. ტურნირებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. სპორტული ტურნირების დასრულების შემდეგ ღონისძიება გაგრძელდა სახალხო სეირნობით. ღია ცისქვეშ წარმოდგენილი იყო სამეგრელოს ეთნოკულტურა ტრადიციული ფაცხებით, მეგრული ეზოსა და ყოფაცხოვრების დამახასიათებელი ნიშნებით, სტუმარ-მასპინძლობის კუთხური ადათითა და ქორწილით. წარმოდგენილ იქნა თეატრალიზებული, მხატვრული კომპოზიცია „პატარა საქართველოს რაინდული გული“. ცოტნე დადიანის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის წინადადების საფუძველზე ცოტნე დადიანის პირველი ხარისხის ჯილდო 500 ლარის ოდენობით გადაეცა მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის ჯონი ხეცურიანს, ცოტნე დადიანის მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაშიჭაბუკთა შორის ნუგზარ წურწუმია.ხობის საპატიო მოქალაქეობა მედიცინის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიენიჭა ლუთინი ქავთარაძეს, ხოლო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით შალვა ხარებავას. ცოტნეობის დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს ბაიარ შაჰინ გუნდარიძემ, ანსამბლმა „გორდელამ“, პაროდისტმა ბესო ვერულაშვილმა და რეგიონის სხვადასხვა შემოქმედებითმა კოლექტივებმა.
ცოტნეობის დღესასწაულს სტუმრობდნენს საქართველოს პარლამენტის წევრები გოდერძი ბუკია და გიგა ბუკია, რეგიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები.